საკრებულო დღეს ილია ელოშვილისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს
საკრებულო დღეს ილია ელოშვილისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს

საკრებულო დღეს თბილის მერის მეოთხე მოადგილის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.

საკრებულოს ოპოზიცია ილია ელოშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს , რომ იქ სადაც ყველაზე მეტი პრობლემა იყო ენერგეტიკის სფეროში , კალაძემ და მისმა მოადგილეებმა მოსახლეობას დანაპირები არ შეუსრულეს.

მისი თქმით, ტარიფების განახევრების ნაცვლად, კომუნალური გადასახადები გაიზარდა.

„კახა კალაძე დავით ნარმანიას პრაქტიკას აგრძელებს, როდესაც ნარმანია მეგობრებსა და ნათესავებს ნიშნავდა მერიაში. ახლაც კახი კალაძე ამით ეუბნება მოსახლეობას , რომ მერია მისი მეგობრების დასაქმების კანტორად მიაჩნია. თუ თბილისელები იტყვიან, რომ ელოშვილს უმუშავია თბილისელების პრობლემაზე ან პროფესიონალია თვითმმართველობის საკითხებში, მითხარით და დავუჭერ მხარს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობაში ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებენ.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ეს არის ხალხი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია მთელი ცხოვრება გარდა იმისა, რომ ადამიანებს ჩირქი მიცხონ.

ზარქუას თქმით, კალაძე და მისი გუნდი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც 21 ჰიდროელექტროსადგური ააშენეს.

“ელოშვილმა და მთლიანად გუნდმა, რომლებიც ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა, მაშინდელმა მინისტრმა კახი კალაძემ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს, მათ შორის 21 ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რომელიც ამ გუნდის დამსახურება იყო. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, იგი იქნება მერის ღირსეული მოადგილე“, – განაცხადა ზარქუამ.

გარდა ამისა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიცია მაჟორიტარული ბიუროების გაუქმების საკითხს დააყენებს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბიუროების ფუნქცია გარდა იმისა, რომ დასაქმებულია „ქართული ოცნების“ ოჯახის წევრები, სხვა არაფერია და მილიონ ნახევარი ლარი იხარჯება.

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციას რეალობის აღქმა დაკარგული აქვს.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, უკვე შემუშავებულია ახალი კონცეფცია და ადამიანების აყვანა ბიუროში კონკურსის წესით ხდება.

საკრებულოს სხდომა 16 საათზეა ჩანიშნული.