საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი და შეზღუდვების მოხსნის ეტაპისთვის ბიზნესის მზადყოფნა განიხილა
საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი და შეზღუდვების მოხსნის ეტაპისთვის ბიზნესის მზადყოფნა განიხილა

საქართველოში ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი, ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების მოხსნისთვის ბიზნესის მზადყოფნის პირობები და პენიტენციურ სისტემაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„როგორც ცნობილია, კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით კოვაქსპლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა მისი საერთაშორისო აღიარებაა – ვაქცინა უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ასევე განიხილა პენიტენციურ სისტემაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული მდგომარეობა.

„როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, პატიმრების ინტენსიური პისიარტესტირება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გასული წლის ბოლოს დაიწყო. 3 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში 23 შემთხვევა გამოვლინდა, რის შემდეგაც პისიარტესტირება სხვა დაწესებულებებშიც ჩატარდა. კერძოდ, 11 იანვარს ტესტირება ჩაუტარდა ნომერ მე-2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 883 პატიმარს, რომელთაგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა კოვიდდადებითი. 12 იანვარს, ინტენსიური პისიარტესტირების ფარგლებში, ტესტირება ჩატარდა მე-6 რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლის შედეგებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში სრულად კონტროლდება ვითარება, სისტემის დაცულობისთვის ტარდება კომპლექსური პრევენციული ზომები და ამ ღონისძიებების შედეგად ხდება ვირუსის შესაძლო შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობა“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საბჭომ ასევე იმსჯელა შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპამდე ბიზნესის მზადყოფნის აუცილებლობაზე და მიიღო ინფორმაცია ეკონომიკურ სუბიექტებთან შეხვედრების შესახებ, რომელიც მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად იმართება. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.

„ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის კორონავირუსზე ტესტირება ტაქსის 6 000-ზე მეტ მძღოლს ჩაუტარდა, თუმცა დადებითი შემთხვევების რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია. ასევე, კორონავირუსზე გაიტესტა სხვადასხვა კონფესიის 2 000-ზე მეტი მსახური და ინფიცირების მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც ერთი პროცენტია. გაიზარდა ბაზრობებზე მოვაჭრეთა ტესტირების რაოდენობაც და 4 000 ტესტიდან დადებით შემთხვევათა რაოდენობა ერთ პროცენტზე ნაკლებია.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხები 10 პროცენტიდან რვა პროცენტზე ჩამოვიდა, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება, რათა ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ამასთან, აქტიურად გრძელდება ქვეყნის მასშტაბით დღეს მოქმედი შეზღუდვების აღსრულების კონტროლი. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 195 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 145 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 050 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 243 255 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 227 611 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 846 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 496 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 579 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3 873 პირი“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.