საკოორდინაციო საბჭო სკოლების ბუფეტებისა და სხვადასხვა წრეების ეტაპობრივად ამოქმედების საკითხს განიხილავს
საკოორდინაციო საბჭო სკოლების ბუფეტებისა და სხვადასხვა წრეების ეტაპობრივად ამოქმედების საკითხს განიხილავს

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ 15 თებერვალს საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სკოლის სივრცეში განახლდება, რასთან დაკავშირებითაც, უწყებამ მნიშვნელოვანი რეგულაციები შეიმუშავა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს რეკომენდაციები მიწოდებულია სკოლებისთვის, სადაც ემზადებიან, რათა სასწავლო პროცესი გამართული იყოს ორივე მიმართულებით, როგორც სანიტარია-ჰიგიენის მხრივ, ასევე, დროზე მოხდეს სასწავლო პროცესის ორგანიზება.

„სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციაზე გავამახვილებ ყურადღებას. მაგალითად, პირბადეებზე, რომელიც სავალდებულოდ განისაზღვრა მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით. სავალდებულოა, ამ კლასების ყველა მოსწავლემ სკოლის სივრცეში გადაადგილებისა თუ გაკვეთილის პროცესში ატაროს პირბადე. ამ ნაწილში არის გამონაკლისი, მშობლის მიმართვის საფუძველზე, შესაძლებელია, სკოლის ადმინისტრაციამ მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მოსწავლე პირბადის ტარებისგან.

რაც შეეხება მიწოდებულ სერვისებს, დიდ ქალაქებში მშობელს აქვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, შვილი გაუშვას სკოლაში თუ დატოვოს დისტანციურ სწავლებაზე. ამასთან დაკავშირებით მშობელი აკეთებს განაცხადს, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე შეუძლია, სკოლას მიმართოს განაცხადებით. აქაც გვაქვს გარკვეული გამონაკლისი საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებით. მშობელი თუ მიმართავს სკოლას, რომ უნდა, მისი შვილი დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ამ სერვისს უზრუნველყოფს ნებისმიერი საჯარო სკოლა, სადაც საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს. მასწავლებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეული რისკის ქვეშ თუ დგას, ამ შემთხვევაშიც, მასწავლებელი მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული მასწავლებლის საგანი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, თუ დარჩეს ჩვეულ ფორმატზე. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში მოსწავლეს, ადმინისტრაციის თანამშრომელს ან მასწავლებელს დაუდგინდება კოვიდ ინფექცია, სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, მიმართოს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტულ შემთხვევაში, მთლიანად კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, თუ ორი კვირის განმავლობაში მთლიანად სკოლამ გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატზე“, – განაცხადა დგებუაძემ.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო სკოლების ბუფეტებისა და სხვადასხვა წრეების ეტაპობრივად ამოქმედების საკითხს განიხილავს.

„ჩვენ გვინდა, რომ ეტაპობრივად სკოლამ და მოსწავლეებმა მიიღონ დამატებითი სხვა სერვისებიც, რომელიც ჩვეულ რეჟიმში სასწავლო პროცესის დროს მიმდინარეობდა.

მინდა, ვისაუბრო სკოლის ბუფეტებზე და სხვა არაფორმალური განათლების წრეებზე, რომელიც არსებობდა. საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად, სამინისტრო განიხილავს და ეტაპობრივად მოახდენს სხვადასხვა სერვისის დაბრუნებას სასწავლო პროცესში“, – აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე.