საკონსტიტუციო სასამართლოში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე  მსჯელობენ
საკონსტიტუციო სასამართლოში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე  მსჯელობენ

საკონსტიტუციო სასამართლოში  კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე  მსჯელობენ.

სარჩელში „საქართველოს მოქალაქეები – მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ კანონის 30-ე მუხლი ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას, რამდენადაც რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არ ავრცელებს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს, იმ პირობებში როდესაც აღნიშნული მექანიზმები ვრცელდება სხვა პირების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.

მოსარჩელეთა მტკიცებით, სახელმწიფო ასევე არასრულფასოვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ კონსტიტუციურ ვალდებულებას – დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

„იმ შემთხვევაში, თუ რელიგიური ორგანიზაციების მიერ მოხდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩარევა, დაზიანება ან გადაკეთება, სახელმწიფო მას ვერც აფრთხილებს, ვერ აჯარიმებს, ვერ იყენებს მის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. ამიტომ ჩენ ვფიქრობთ, რომ ეს ერთის მხრივ, არის უთანასწორო მოპყრობა,რადგან დანარჩენ ყველა მესაკუთრეს – კერძო თუ იურიდიულ პირს სახელმწიფო აკისრებს ამ პასუხისმგებლობას, გარდა რელიგიური ორგანიზაციებისა”, – განაცხადა მოსარჩელის ინტერესების დამცველმა იურისტმა გიორგი ჩიტიძემ.

პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კოდექსის ახალ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც სადაო საკითხის სრულყოფილი რეგულირების საშუალებას იძლევა.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია. დღეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომას საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებიან.