საკონსტიტუციო სასამართლოში ​ე.წ. მოსმენების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა განახლდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ​ე.წ. მოსმენების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა განახლდა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ​ე.წ. მოსმენების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დღეს განაახლა. 326 მოქალაქისა და სახალხო დამცველის მიერ პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა, ორდღიანი განხილვის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლის მოსმენის ეტაპზე შეწყდა და დღეს ამავე საკითხით გაგრძელდება. მოსამართლეები ასევე მოწმის სტატუსით შეკითხვებს დაუსვამენ უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებსაც. არსებითი განხილვა სავარაუდოდ ორ დღეს გაგრძელდება.

მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს მოსმენების შესახებ ახალ კანონს, რომელიც პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელს არაკონსტიტუციურად ცნო მანამდე მოქმედი ნორმები.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ახალი კანონით არაფერი შეცვლილა, რადგან მაშინ მოქმედი დეპარტამენტის ნაცვლად კანონის თანახმად შეიქმნა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც დღესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს. მოპასუხე მხარე კი ამტკიცებს, რომ სააგენტო დამოუკიდებელია.

არსებითი განხილვის პირველ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უკვე მოუსმინა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც ე.წ. მოსმენების კანონის განხილვა მიმდინარეობს, უფლებადამცველი გია ფაცულია მივიდა.

„მინდა მივესალმო მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში პირდაპირ მაგინა“, -განაცხადა გია ფაცულიამ. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად „გურია ნიუსმა“გაავრცელა.

გია ფაცულია აცხადებს, რომ მისი საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ერთერთ მუხლს ეხება ერთი წელია განსახილველად აქვს გადაცემული მოსამართლე ცაბუტაშვილს.

„ის არღვევს კანონს, კანონს არღვევს ასევე სასამართლოს თავმჯდომარეც. გაურკვეველი მიზეზების გამო ჩემი საქმე დაიგნორებულია“, – ამბობს გია ფაცულია.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოფიციალური კომენტარი არ კეთდება, როგორც სასამართლოს პრესსამსახურში ამბობენ, მოსამართლე გინებისთვის ისევ „გურია ნიუსის“ საშუალებით აპირებს მოიხადოს ბოდიში.

დატოვე კომენტარი