საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა განაახლა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა განაახლა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა განაახლა. დღეს მოსამართლეები პარლამენტის წარმომადგენლის არგუმენტებს მოისმენენ.

საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად პარლამენტის მიერ მიღებულ ახალ კანონს 326 მოქალაქე ასაჩივრებს. ახალი კანონი კი პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელს არაკონსტიტუციურად ცნო მანამდე მოქმედი ნორმები.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ახალი კანონით არაფერი შეცვლილა და ახლად შექმნილი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ამჟამად ე.წ. მოსმენების გასაღებს ფლობს, ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია ამბობს, რომ მოსარჩელის მოსაზრებები ფაქტობრივად დაადასტურა უცხოელმა ექსპერტმა, რომელიც არსებითი განხილვის წინა ეტაპზე გამოიკითხა.

„კონტროლის მექანიზმზე, რომელიც დღეს მოქმედებს, ძალიან ადვილია გვერდის ავლა და უკანონო მოსმენების განხორციელება, ეს დაადასტურა უცხოელმა ექსპერტმა, რომელიც ჩვენ გვყავდა მოწვეული წინა სხდომაზე“, – განაცხადა ლიკა საჯაიამ.

საჯაიას განცხადებას ინტერპრეტაციას უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი თენგიზ შარმანაშვილი და ამტკიცებს, რომ საქართველოში კონტროლის მექანიზმები უფრო ეფექტურია, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში.

„ეს არის არასწორი და მათი ინტერპრეტაცია, უფრო მეტსაც გეტყვით, ამ ექსპერტმა პირიქით დაადასტურა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ჩართული არიან ისეთი ორგანოები ევროპაში, რომლებსაც საგამოძიებო უფლებამოსილება გააჩნიათ, ანუ პირიქით სხვა მაგალითი მოიყვანა და ის ქვეყნები დაასახელა, სადაც ეს ასეა. არათუ დამოუკიდებელი ორგანო ახორციელებს მოსმენებს, არამედ პოლიციაც კი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

არსებითი განხილვა დასკვნით ფაზაშია და სავარაუდოდ ხვალ დასრულდება.