საკონსტიტუციო სასამართლომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის ნორმებთან დაკავშირებული სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების მარინე მიზანდარის, გიორგი ჩიტიძის და ანა ჯიქურიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმას, რომელიც გამორიცხავდა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების გავრცელებას. სადავო ნორმიდან გამომდინარე, სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ძეგლის მესაკუთრე (მოსარგებლე) რელიგიური კონფესიებისთვის დაეკისრებინა პასუხისმგებლობა ძეგლის მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის ან/და მესაკუთრის თანხმობის გარეშე ჩაეტარებინა ძეგლზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები.
„მოსარჩელეთა განმარტებით, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გაუვრცელებლობით სადავო ნორმა არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის (კონსტიტუციის მე-14 მუხლი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის (კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი) უფლებებს.
მოპასუხე მხარის მოსაზრებით, კულტურული მემკვიდრეობის მოვლასთან დაკავშირებული ვალდებულებების რელიგიურ კონფესიებზე გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ მიერ რელიგიური დანიშნულების ობიექტების აღმსარებლობისათვის გამოყენებას. ამდენად, სადავო ნორმა ხელს უწყობდა აღმსარებლობის თავისუფლად განხორციელებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს – რელიგიის თავისუფლების რეალიზების ხელშეწყობას. თუმცა, იგი კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების/განადგურების შესაძლებლობას უშვებდა, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ამას რელიგიური რიტუალების აღსრულება არ მოითხოვს. ამდენად, სადავო ნორმა იმაზე მეტად ზღუდავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებას, ვიდრე საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და ამდენად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს“, – აღნიშნულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.