საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების 2018 წლის ანგარიშს დღეს ბორჯომში წარადგენს
საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების 2018 წლის ანგარიშს დღეს ბორჯომში წარადგენს

საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების 2018 წლის ანგარიშს დღეს ბორჯომში წარადგენს. ღონისძიებას სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო სექტორი, დონორი ორგანიზაციები, აკადემიური წრეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს სულ 95 კონსტიტუციური სარჩელი და ორი წარდგინება დარეგისტრირდა. 74 შემთხვევაში სარჩელი ფიზიკურ პირს ეკუთვნოდა, 21 კი იურიდიულ სუბიექტებს.

გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ 56 საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება. ყველაზე ხშირად სარჩელები კონსტიტუციის მე-14 და 42-ე მუხლებთან შეუსაბამობას ეხებოდა.

გახმაურებულ საქმეებს შორის იყო მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საგადასახადო პრივილეგიების გაუქმება და სხვა საქმეები.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ გახსნა, რომელმაც მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილე მხარეებს და დონორ ორგანიზაციებს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართება კონსტიტუციური სამართალწარმოების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და ეფექტური წარმომადგენლობის საკითხების განხილვა.

ასევე, შედგება შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის, რომლის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გაშუქებასთან დაკავშირებული პრაქტიკული პრობლემების განხილვა იქნება.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ხვალ დასრულდება, მოეწყობა ასევე სასამართლოს ინსტიტუციური განვითარების საკითხების განხილვა.