საკონსტიტუციო სასამართლო საგანგებო მდგომარეობის თაობაზე პრეზიდენტის დეკრეტის შესახებ სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო საგანგებო მდგომარეობის თაობაზე პრეზიდენტის დეკრეტის შესახებ სარჩელს განიხილავს

საქართველოს ის 6 000-ზე მეტი მოქალაქე, რომელსაც საგანგებო სიტუაციის დროს დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, შესაძლოა, გადასახადისგან გათავისუფლდეს ან გადახდის შემთხვევაში სახელმწიფომ თანხა უკან დაუბრუნოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს საქართველოს ორი მოქალაქის სარჩელს პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ. ისინი მოითხოვენ, არაკონსტიტუციურად იყოს ცნობილი საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტი და რიგი შეზღუდვების დაწესების შესახებ მის მიერ მთავრობისთვის უფლებების მინიჭება, – ამის შესახებ ადვოკატმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, რომელიც ერთ-ერთი მოსარჩელის ინტერესებს იცავს.

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დღეს დაიწყო. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის დეკრეტიც და მთავრობისთვის ისეთი შეზღუდვების დაწესების უფლების დელეგირება, როგორიცაა გადაადგილების შეზღუდვა 21-დან ექვს საათამდე, შეკრებების აკრძალვა, ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესება და სხვა რეგულაციები, უნდა მომხდარიყო მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.

„ეს არის უპრეცენდენტო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, როცა მოქალაქე ასაჩივრებს პრეზიდენტის დეკრეტს. პრეზიდენტის დეკრეტის ამოქმედებაც, მთავრობისთვის უფლებების დელეგირებაც ჩვენი კონსტიტუციური მოწყობის პირობებში საჭიროებს პარლამენტის მიერ მათ დამტკიცებას. ამიტომ, დიდი ალბათობით, საჩივრები დაკმაყოფილდება“, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.