საკონსტიტუციო სასამართლო საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების სარჩელის განხილვას იწყებს
საკონსტიტუციო სასამართლო საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების სარჩელის განხილვას იწყებს

აქვთ თუ არა არჩევნების დღეს დამკვირვებლებს ამომრჩევლის პირად ინფორმაციაზე წვდომა, როცა ისინი ე.წ. სამაგიდო სიას აკვირდებიან და რამდენად იძლევა ეს პროცესი ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას, ამ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს შვიდი პოლიტიკური პარტიისა და ორი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სარჩელის განხილვას იწყებს.

სარჩელის ერთ-ერთი ავტორი „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ასაჩივრებს საარჩევნო კოდექსის კიდევ ორ მუხლს, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციასა და საუბნო კომისიის წევრის დანიშვნა-არჩევის გასაჩივრების წესს ეხება.

„მოსარჩელეების განმარტებით, სადავო რეგულაცია საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლების მქონე სუბიექტებს აძლევს შესაძლებლობას, სამაგიდო სიებიდან მიიღონ ინფორმაცია არჩევნებზე გამოცხადებული ან გამოუცხადებელი ამომრჩევლების შესახებ და ამგვარად, მოახდინონ ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის კონტროლი. აღნიშნული კი, მოსარჩელეთა პოზიციით, იწვევს მათი საარჩევნო უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი) დარღვევას“,-განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი სალომე ჯოხაძე.

მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შეუძლებლობას. მოსარჩელეთა განმარტებით, ეს განაპირობებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე განხორციელების შესაძლებლობას.

მოსარჩელეები დამატებით მიუთითებენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნაზე/არჩევაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, კანდიდატის მიერ გასაჩივრების შეუძლებლობაზე და აღნიშნავენ, რომ სადავო რეგულაცია არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი).

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. დღეს განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პლენუმი იმსჯელებს, მიიღოს თუ არა წარმოებაში არსებითი განხილვისთვის სარჩელი.