საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ პირადობის დამადასტურებელი ალტერნატიული მოწმობის დაშვებაზე იმსჯელებს
საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ პირადობის დამადასტურებელი ალტერნატიული მოწმობის დაშვებაზე იმსჯელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ პირადობის დამადასტურებელი ალტერნატიული მოწმობის დაშვებაზე იმსჯელებს.

სასამართლოს ინფორმაციით, გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“.  საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ადგენს ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის უალტერნატივო წესს და არ იძლევა სხვაგვარი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას.

სარჩელის მიხედვით, ელექტრონული პირადობის მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უშუალოდ უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას.

„შესაბამისად, მოსარჩელეები თავიანთი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, უარს აცხადებენ ელექტრონული დოკუმენტებით სარგებლობაზე, ვერ იღებენ სხვაგვარ დოკუმენტებს და რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე. აღნიშნული იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას. ამრიგად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულაციით სახელმწიფო პირებს ავალდებულებს საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ მოქმედებას, რის გამოც ირღვევა რიგი კონსტიტუციური უფლებები“, – აღნიშნავენ საკონსტიტუციო სასამართლოში.