საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესზე მსჯელობს
საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესზე მსჯელობს

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

სასამართლოს პლენუმმა დღეს განმწესრიგებელ სხდომაზე უნდა განიხილოს, მიიღებს თუ არა წარმოებაში არსებითი განხილვისთვის სარჩელს. სახალხო დამცველის აპარატი დღესვე დააყენებს შუამდგომლობას, სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეჩერდეს სადავო ნორმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ნორმა შეჩერდეს. არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც ამ საკითხებზე მიმდინარეობს დისკუსია, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოშიც. წელს გვქონდა პრეცედენტული გადაწყვეტილება, უსამართლო და უკანონო პროცედურის საფუძველზე შერჩეული მოსამართლის მიერ განხილულ საქმეში მხარეს დაერღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო ნორმის მოქმედებას არ შეაჩერებს და სამომავლოდ ჩათვლის, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, არ არის გამორიცხული, დადგეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საკითხი, სადაც ასეთი წესით არჩეული მოსამართლეები იქნებიან შერჩეული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანდიდატთა წარდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის შებოჭილი კანდიდატის შეფასების ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. შესაბამისად, კანდიდატების შერჩევის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შესაძლოა, მიმდინარე კონკურსში მონაწილე პირებს სადავო ნორმებით მიადგეთ გამოუსწორებელი ზიანი და შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.

საქმის განხილვაში არ მონაწილეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. თვითგანრიდების მოთხოვნით მათ თავად მიმართეს სასამართლოს პლენუმს, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ, რასაც საზოგადოებაში შესაძლოა, გაეჩინა ეჭვები მიკერძოებულობის შესახებ.