საკონსტიტუციო სასამართლო დღეს იმსჯელებს, მიიღებს თუ არა წარმოებაში „ბირჟა მაფიას“ წევრის სარჩელს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია დღეს იმსჯელებს, მიიღოს თუ არა რეპჯგუფის „ბირჟა მაფია“ წევრის, გიორგი ქებურიას სარჩელი, რომლითაც მომღერალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რამდენიმე მუხლს ასაჩივრებს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ჩხრეკა შესაძლებელია, ჩატარდეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობა მოქმედი რეგულაციით საიდუმლოდ რჩება, როგორც ეჭვმიტანილის, ასევე მოსამართლისთვის. გარდა ამისა, ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პოლიციელის ჩვენება შესაძლებელია გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი, რაც მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრების დაცვის, მხოლოდ უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე განაჩენის გამოტანის კონსტიტუციურ პრინციპებს.
მოსარჩელის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოქმედი რეგულაციების მიზეზით სწორედ „ბირჟა მაფია“-ს წევრების უფლებები შეიზღუდა, ამიტომაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა იმართება, რომელზეც მეორე კოლეგია იმსჯელებს, მიიღებს თუ არა არსებითი განხილვისთვის სარჩელს წარმოებაში.