საკონსტიტუციო სასამართლო „112“-ის გადასახადის კანონიერებაზე მსჯელობას იწყებს
საკონსტიტუციო სასამართლო „112“-ის გადასახადის კანონიერებაზე მსჯელობას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო „112“-ის გადასახადის კანონიერებაზე მსჯელობას იწყებს. საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეებმა ალაფაშვილმა და ყავლაშვილმა „112“-ის გადასახადი ადვოკატთა ჯგუფთან ერთად გაასაჩივრეს. სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შეიტანეს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი), ვინაიდან „112“-ის მომსახურების საფასურის დაკისრება ხდება აბონენტის ნების მიუხედავად ისე, რომ გაურკვეველია, რა კონკრეტული მომსახურების გაწევას ემსახურება აღნიშნული საფასური. ამასთან, ზოგადი სერვისებით სარგებლობს თითოეული მოქალაქე და შესაბამისად, მათი დაფინანსება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში.

მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი), ვინაიდან ადგენს გაუმართლებელ დიფერენცირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. „112“-ის მომსახურების ყოველთვიური საფასური ფიზიკური პირებისთვის შეადგენს 0.2 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 0.5 ლარს.

მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და, შესაბამისად, დისკრიმინაციულია.