საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა 4 ივნისს დაიწყება, კონსტიტუციური პროექტის განხილვის მონაწილეებს სატელევიზიო ეთერს საქართველოს პირველი არხი უთმობს
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა 4 ივნისს დაიწყება, კონსტიტუციური პროექტის განხილვის მონაწილეებს სატელევიზიო ეთერს საქართველოს პირველი არხი უთმობს

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარე კვირაში, 4 ივნისს დაიწყება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩატარება ონლაინრეჟიმში იგეგმება.

ინტერაქცია საქართველოს პირველი არხისა და აჭარის ტელევიზიის მეშვეობით მოხდება – ცვლილებებს მოსახლეობა სატელევიზიო ეთერით გაეცნობა, კითხვებს კი ინტერნეტის საშუალებით დასვამს.

„საზოგადოებამ იცის, რომ ფორმატი შეიცვალა მსოფლიოსა და ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენი ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციები რომ გავითვალისწინოთ, ჩატარდება ტელეკომუნიკაციის საშუალებით, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით იქნება საშუალება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დასვან კითხვები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს ექნებათ შესაბამისი ფორმატი და შესაძლებლობა, რომ გასცენ პასუხი აღნიშნულ კითხვებს. ეს იქნება 4 ივნისს. საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, როგორი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებთან გვაქვს საქმე, თუმცა, რა თქმა უნდა, ის მოთხოვნები, რაც არის კონსტიტუციაში, უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ჩაერთვება თუ არა სახალხო განხილვებში ოპოზიცია, უცნობია. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სანამ 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობა არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისგან და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება.

კონსტიტუციური პროექტის განხილვის მონაწილეებისთვის სატელევიზიო ეთერის დათმობასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პირველმა არხმა 29 მაისს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ  დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. პროექტთან დაკავშირებით შეკითხვების გამოგზავნის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მოქალაქეს. შეკითხვების გამოგზავნის ელექტრონული მისამართი და ონლაინპლატფორმის მეშვეობით განხილვაში მონაწილეობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია 1tv.ge-ზე გამოქვეყნდება დღეს, პირველ ივნისს. განხილვა კი გაიმართება 4 ივნისს, 22:30 საათზე.