საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ აკადემიურ წრეებთან შეხვედრას გამართავს
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ აკადემიურ წრეებთან შეხვედრას გამართავს

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ აკადემიურ წრეებთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.

შეხვედრაზე მმართველი გუნდი პროფესურის მხრიდან ახალ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით მათ მოსაზრებებს მოისმენს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ახალ კონსტიტუციური პროექტს, რომელიც უმრავლესობამ მოამზადა, ეთანხმება როგორც არასამთავრობო სექტორი ისე ვენეციის კომისია.

„ჩვენ გავიგებთ მათ მოსაზრებებს კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით. საუბარია იმ საკითხებზე, რომელზეც არავინ დაობს და მათ შორის არასამთავრობო სექტორი, ასევე ვენეციის კომისია ეთანხმება ამ ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ფორმალური ხასიათის არის ეს შეხვედრები, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ყველა დეტალი შევაჯეროთ ყველასთან, მათ შორის აკადემიურ წრესთან”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა ახალი კონსტიტუციური პროექტი მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, 2020 წელს ბლოკების დაშვება მოხდება და ე.წ. ბონუს სისტემა გაუქმდება. ასევე ცვლილებები ეხება კონსტიტუციაში არსებულ რელიგიასთან დაკავშირებულ ჩანაწერს და საკონსტიტუციო სასამართლოს. 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.