საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობიდან წასული ექვსი დეპუტატი საარჩევნო ცვლილებებს მხარს დაუჭერს
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობიდან წასული ექვსი დეპუტატი საარჩევნო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობიდან წასული ექვსი დეპუტატი საარჩევნო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია დამოუკიდებელ დეპუტატებთან, რომლებმაც მმართველი გუნდი მასთან ერთად დატოვეს და კანონპროექტს მათი მხარდაჭერა ექნა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ჩაშლა თუ შესრულება არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაზე. თუ ჩაიშლება, პირველ რიგში ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა. საკონსტიტუციო ცვლილებები გავა თუ არა, ესეც არის თითქმის სრულად დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. თუკი ისინი გუშინ ამბობდნენ, რომ სრულად დაუჭერდნენ მხარს და სრული მობილიზაცია იქნებოდა ამ ცვლილებების გასატარებლად, ჩვენ დღეს უკვე გვესმის უმრავლესობის გარკვეული წევრების განცხადებები, რომ მათ შესაძლოა, არ დაუჭირონ ამ ცვლილებებს მხარი. ეს ყველაფერი მახსენებს ნოემბერს, მაშინაც ასე დაიწყო პროცესები და შემდგომ სრული კრახით დასრულდა. მე ვაპირებ, ხმა მივცე ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მე ამ ცვლილებების ჩავარდნის გამო წამოვედი უმრავლესობიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისინი ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა შემთხვევაში ვაპირებ, ხმა მივცე, მაგრამ გადამწყვეტი ჩემი ხმა კი არ იქნება, გადამწყვეტი იქნება ის, „ქართული ოცნება“ სრულად გააკეთებს თუ არა თავისი წევრების მობილიზებას და უკლებლივ ყველა მხარს დაუჭერენ თუ არა ამ ცვლილებებს. ამ ცვლილებების ჩავარდნა იქნება სრული კრახი პირველ რიგში თვითონ ხელისუფლებისთვის. ამ ხელისუფლებამ ისედაც საკმაოდ დაიზიანა თავი და არ ვიცი, როგორ შეძლებენ ამის ანაზღაურებას და როგორ აიძულებენ ვინმეს, რომ ნდობა გაუჩნდეს მათ მიმართ, როდესაც ნდობა გაანადგურეს სრულად და ეს აღარ აღდგება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მაგრამ კიდევ უფრო დაამძიმებენ პროცესებს, თუ ცოტა მაინც ეცდებიან მის გამოსწორებას, ამაზეა ახლა ლაპარაკი. მე და ჩემი კოლეგები, რამდენადაც მათთან კომუნიკაცია მაქვს, ყველა ვაპირებთ, რომ ხმა მივცეთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ მთავარია თვითონ ქართული ოცნება რას იზამს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.