სახის კანის მოვლა ზაფხულში - კორეელების 10-ეტაპიანი რუტინა

სახის კანის მოვლა წლის ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოზამთრებული კანი რომ ზაფხულშიც იდეალურად გამოიყურებოდეს, სპეციალისტების რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ. ზაფხულში სახის კანის მოვლაზე როდესაც ფიქრობთ, პირველი, ბუნებრივია, მზისგან დამცავი კრემი გახსენდებათ, თუმცა გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ კანის დატენიანებას, დაბანასა და ექსფოლიაციას. შესაძლოა, გაგიჩნდეთ კითხვა, რა არის ექსფოლიაცია – ამ და სხვა საინტერესო ტერმინთა განმარტებებს სტატიაში წაიკითხავთ.

სახის კანის მოვლას კორეელები რომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, ეს ცნობილი ფაქტია. სწორედ ამიტომ მათი კანი ყოველთვის იდეალურად გამოიყურება. კორეელებს სახის კანის მოვლის 10-ეტაპიანი წესი აქვთ, რომელიც იდეალურად ერგება წლის ნებისმიერ დროს, თუმცა ზაფხულში მცირე დეტალები შეიძლება, შეიცვალოს, მაგალითად, უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ხშირად დაბანასა და მზისგან დაცვას.

პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ და ერთგვარ ოქროს წესად აქციოთ – სახე უნდა დაიბანოთ როგორც დილას, ისე – საღამოს.

 

1. მაკიაჟის მოშორება

​თუ მაკიაჟს ატარებთ, მაშინ სახის კანის მოვლის პროცედურების დაწყებამდე, აუცილებლად უნდა მოიშოროთ დეკორატიული კოსმეტიკა. ამისთვის უმჯობესია, გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთოვანი სითხე. დაიწვეთეთ მშრალ კანზე და თითების ნელი მოძრაობით გადაინაწილეთ. შემდეგ დაამატეთ ნელთბილი წყალი, რომ ზეთოვანი გამწმენდი და მოშორებული მაკიაჟი გადაიქცეს თხელ მასად, რათა ადვილად ჩამოიბანოთ წყლით.

 

2. წყალზე დამზადებული დასაბანი სითხე

როგორც ნახეთ, კანის მოვლის პირველ ეტაპზე იყენებთ ზეთოვან გამწმენდს, რომელიც სახიდან აშორებს მაკიაჟს, ხოლო მეორე ეტაპზე უკვე იყენებთ წყალზე დამზადებულ დასაბან საშუალებებს, რათა კანს მოაცილოს ნებისმიერი ნარჩენი და იდეალურად გაწმინდოს. შესაძლებელია, გამოიყენოთ როგორც დილის, ისე საღამოს რუტინის დროს. დასაბან საშუალებას წაისვამთ სახეზე, წრიული მოძრაობით გადაინაწილებთ და შემდეგ ჩამოიბანთ თბილი წყლით.

 

3. ექსფოლიაცია

​პირველ რიგში, განგიმარტავთ, რომ ექსფოლიაცია კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას ნიშნავს. მათი გამოყენება დასაშვებია კვირაში მაქსიმუმ ორჯერ, რათა კანის ზედაპირი არ დააზიანოს. არსებობს ექსფოლიაციის ორი მეთოდი – ქიმიური და ფიზიკური. ფიზიკური ექსფოლიანტებია სკრაბები, რომელთა შემადგენლობაში არის მცირე ზომის შედარებით უხეში ნაწილაკები, რომელიც სახის ამქერცლავის როლს ასრულებს. ქიმიური ექსფოლიანტები არ შეიცავს სახის ამქერცლავ უხეშ ნაწილაკებს. ამ ტიპის პროდუქტებს ძირითადად თხელი ტექსტურა აქვს, მათ შორის არის სალიცილის მჟავა. როგორც დერმატოლოგები ამბობენ, ქიმიური ექსფოლიანტები სახის კანისთვის ნაკლებად საზიანოა, რადგან უხეშ ნაწილაკებს არ მოიცავს. კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორება იმისთვის არის აუცილებელი, რომ სხვა პროდუქტები, მაგალითად, დამატენიანებლები და აკნეს სამკურნალო საშუალებები უკეთ შეიწოვოს.

 

4. ტონერები

​ტონერი არის ერთგვარად წინამოსამზადებელი ეტაპი, ვიდრე სახეზე დამატენიანებელსა და სხვა პროდუქტებს მოიხმართ. გარდა იმისა, რომ ტონერი სახიდან აშორებს ჭუჭყსა და სხვა ნარჩენებს, ასევე ხურავს ფორებს. სასურველია კიტრისა და ალოე ვერას ექსტრაქტით დამზადებული ტონერების მოხმარება.

 

5. შუალედური ეტაპი

მეხუთე ეტაპი არის ერთგვარი შუალედური ტონერსა და კანის კონკრეტული პრობლემის, მაგალითად, აკნეს სამკურნალო საშუალებების გამოყენებას შორის. მეხუთე ეტაპზე შეგიძლიათ, მოიხმაროთ მაგალითად, ჰიალურონის შემცველი პროდუქტები, რაც დაბერების პროცესს ანელებს და ხელს უწყობს კანის კარგად დატენიანებას.

 

 

6. კანის კონკრეტული პრობლემის მკურნალობა

მეექვსე ეტაპი არის კანის კონკრეტული პრობლემების მოგვარების ეტაპი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს აკნეს მკურნალობა, სახეზე შავი ლაქების წინააღმდეგ ბრძოლა, თვალის გარშემო სიშავეების გაქრობა, პიგმენტური ლაქები და ნაოჭები.

 

7. სახის ნიღბები

სახის კანის კორეული მოვლის მეთოდებში ნიღბებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან ის კანის დატენიანებას უწყობს ხელს და ასევე ხდის უფრო გლუვსა და მბზინვარეს. ასევე მიიჩნევა, რომ ნიღბები კანისთვის მედიტაციის ფუნქციასაც ასრულებს და ამშვიდებს. კორეელები რეკომენდაციას უწევენ კიტრის, მწვანე ჩაისა და ვარდის ექსტრაქტის ნიღბებს.

 

 

8. თვალის კრემი

თვალის გარშემო კანი სახის ყველაზე თხელი და ნაზი ადგილია, რომელსაც რეგულარული მოვლა სჭირდება. თვალის კრემის რეგულარული გამოყენება თავიდან აგარიდებთ სიშავეებს. სახის მოვლის კორეულ მეთოდებში თვალის გარშემო პროდუქტების გამოყენება რუტინის მერვე ეტაპია.

 

9. დატენიანება

ეს არის კანის რუტინის ერთ-ერთი ბოლო და აუცილებელი ეტაპი. თუ ზამთარში ძლიერი დამატენიანებლის გამოყენებაა რეკომენდებული, ზაფხულში დერმატოლოგები შედარებით მსუბუქი დამატენიანებლის გამოყენებას გირჩევენ, განსაკუთრებით ცხიმიანი კანის შემთხვევაში, რადგან ზაფხულში ცხიმი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამოიყოფა. თუ ძალიან მშრალი კანი არ გაქვთ, შეგიძლიათ, დამატენიანებლის ნაცვლად, მხოლოდ მზისგან დამცავი გამოიყენოთ, რადგან მზისგან დამცავი კარგი კრემი თავისთავად შეიცავს დამატენიანებელს. კრემის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენ „ესპეეფს“ (SPF) შეიცავს პროდუქტი.

 

 

10. მზისგან დამცავი

კორეული რუტინის ბოლო ეტაპი არის მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. მზისგან დამცავი იმ შემთხვევაშიც კი უნდა გამოიყენოთ, თუ მთელ დღეს დახურულ სივრცეში ატარებთ. კორეელები მიიჩნევენ, რომ ეს დაბერებისა და კანის კიბოს პრევენციისთვის აუცილებელია.

მზისგან დამცავი, წესით, მთელი წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ, რადგან მზე შედარებით სუსტად, მაგრამ მაინც ანათებს ზამთარშიც. ზაფხულის განმავლობაში კი მზისგან დამცავის გარეშე გარეთ გასვლა წარმოუდგენელია. დერმატოლოგების რეკომენდაციით, უმჯობესია, გამოიყენოთ მზისგან დამცავი მაღალი SPF-ით, კერძოდ, 30-50-მდე.

 

სასარგებლო რჩევები 

ფრთხილად იყავით მზის აბაზანების მიღებისას!

მზის აბაზანების მიღების დროს განსაკუთრებულად უნდა დაიცვათ სახის კანი. მზისგან დამცავის გამოყენების შემთხვევაშიც კი ფრთხილად უნდა იყოთ, რომ კანი არ დაიწვათ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მზის ულტრაიისფერი სხივები სახიფათოა 10:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში, რა დროსაც ვერანაირი მზისგან დამცავი საშუალება ვერ დაგიცავთ თქვენ და თქვენს სახის კანს, ამიტომ ასეთ დროს გარუჯვა სჯობს, დაივიწყოთ.

 

 

დალიეთ ბევრი წყალი!

თუ გსურთ, თქვენი კანი ჯანსაღად და ლამაზად გამოიყურებოდეს, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ყველაზე მთავარი რჩევა და დღის განმავლობაში ბევრი წყალი მიირთვათ, ეს ხელს შეუწყობს თქვენს კანს, გახდეს რბილი და ნაზი. დღეში რეკომენდებულია 2-3 ლიტრი წყლის დალევა, ამიტომ ყველგან თან ატარეთ წყლის ბოთლი, რომ ეს რაოდენობა მთელ დღეზე გადაანაწილოთ.

დატოვე კომენტარი