სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობის საკითხზე შესაბამისი უწყებისთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან
სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობის საკითხზე შესაბამისი უწყებისთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან

ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.

საკანონდებლო ინიციატივა მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განმარტა.

„მინდა, გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობის წინაშე წარვსდექით კანონპროექტის ინიციატივით, ეს არის კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას. ეს ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადის ე.წ. სუბსიდირებას, რომლითაც ისარგებლებს გადასახადის ყველა გადამხდელი და 1500 ლარამდე ოდენობის სამუშაო ადგილზე 750 ლარის საშემოსავლო გადასახადის ფარგლებში კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ აღნიშნული შეღავათი, ეს გადასახადი მათ გადახდილად ჩაეთვლებათ. ეს მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და  იმ კომპანიების წახალისებას, რომლებიც გააგრძელებენ ხელფასის გადახდას თანამშრომლებისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ცვლილებები ასევე კომპანიებს ავალდებულებს შესაბამის უწყებებს სწორი ინფორმაცია წარუდგინონ.

„როგორც ცნობილია, ჩვენ ერთი მხრივ გვექნება შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე კომპანიებისთვის და მეორე მხრივ, გვექნება ასევე ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 1200 ლარის დახმარება ადამიანებზე, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებული და დროებით არიან უხელფასო შვებულებაში ან უბრალოდ ხელფასს ვერ იღებენ ამ პერიოდის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში ჩვენ საგადასახადო კოდექსში ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც, კომპანიებს სწორი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ. თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, ამ შემთხვევაში აღნიშნული შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ეს მიზნად ისახავს იმას, რომ ავირიდოთ არასწორი, მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადანაწილდეს გადამხდელზე“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.