სახელმწიფოს კუთვნილი 330 097 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა
სახელმწიფოს კუთვნილი 330 097 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე მხილებულია ოთხი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ, სახელმწიფო უწყების დაკვეთით, ტენდერში გამარჯვების შედეგად ბრალდებულის მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიას უნდა უზრუნველეყო სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება.

2021-2022 წლების პერიოდში ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეადგინა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ყალბი აქტები, ე.წ. ფორმა N2-ები, რომლებშიც გაზრდილი იქნა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რა გზითაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, ჯამში, 330 097 ლარს.

გამოძიების პროცესში ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულების ხარისხსა და მოცულობაზე კონტროლის მიზნით დამკვეთმა დაიქირავა სპეციალისტები, რომლებმაც, თავის მხრივ, არ განახორციელეს შესაბამისი რეაგირება კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან არსებულ დარღვევებზე, რითიც მას საშუალება მიეცა, უკანონოდ დაუფლებოდა სახელმწიფო თანხებს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 182-ე, 220-ე და 332-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.