სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება
სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება

სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან დღეს საქართველოში ბრუნდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

„ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია, როგორც ინფორმაცია ვრცელდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებოდნენ, ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, სწავლობდნენ. შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრმა ავიაკომპანიამ რეისები გააუქმა. ამ შესაძლებლობით ისარგებლეს სხვა ავიაკომპანიებმა და საკმაოდ გააძვირეს მგზავრობა – სამჯერ, ოთხჯერ არის გაძვირებული. რა თქმა უნდა, ეს ბილეთებზეც აისახა. ეს არის ხალხი, რომელსაც გაძვირებული ბილეთის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, მთავრობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ დავხმარებოდით, ხელი შეგვეწყო. გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს – ჰუალინგმა გაგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი, ჩვენ ვთხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, ვისაც ჩინეთიდან უნდოდა წამოსვლა, აღნიშნული თვითმფრინავით წამოეყვანათ“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ის ხაზს უსვამს, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ევაკუაცია და არის ჩვეულებრივი რეისი.

„სახელმწიფო მზად არის, ეს ადამიანები კარანტინში განათავსოს, გაატაროს შესაბამისი შემოწმება და სახლებში დააბრუნოს“, – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.