სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს ბენეფიციარების მხარდასაჭერად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს ბენეფიციარების მხარდასაჭერად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გუნდმა,  „ქალთა საერთაშორისო ასოციაციასთან“, „ამერიკის სავაჭრო პალატასთან“ და „გერმანიის ბიზნეს ასოციაციასთან“ ერთად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბენეფიციარების მხარდასაჭერად საშობაო საქველმოქმედო ღონისძიება გამართა.

ღონისძიების გახსნას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერი ივა ტრიფონოვა და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მერი მაღლაფერიძემ მადლობა გადაუხადა „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გუნდს და მათ პარტნიორ ორგანიზაციებს საქველმოქმედო ღონისძიების გამართვისთვის.

„თქვენ შეძელით, ბედნიერი შობის დღე გეჩუქებინათ ჩვენი ბენეფიციარებისთვის, თქვენი წვლილი შეგეტანათ მათზე ზრუნვაში, გაგეხალისებინათ და შეგემსუბუქებინათ მათი ყოფა“, – აღნიშნა მერი მაღლაფერიძემ.

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერის, ივა ტრიფონოვას განცხადებით, შერატონის გუნდი საქველმოქმედო აქციას ყოველ ახალ წელს ატარებს. მისივე თქმით,  წელს ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილე კომპანიებს სურთ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, იზრუნონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მნიშვნელოვან საქმეში.

„სააგენტოს ბენეფიციარებისთვის გადასაცემი საჩუქრები სასტუმრო შერატონში შეგროვდა, შობისთვის, ის ყველა ადრესატამდე მივა“, – დასძინა ივა ტრიფონოვამ.

საშობაო საჩუქრები სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის არის განკუთვნილი (ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარი: თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისსა და სიღნაღში; თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი: ძევრში, მარტყოფსა და დუშეთში). ბენეფიციარებისთვის შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და საგანმანათლებლო ნივთები.