სახელმწიფო უწყებები კავშირგაბმულობის მომსახურებას ძველი პირობებით წლის ბოლომდე მიიღებენ
სახელმწიფო უწყებები კავშირგაბმულობის მომსახურებას ძველი პირობებით წლის ბოლომდე მიიღებენ

სახელმწიფო უწყებები კავშირგაბმულობის მომსახურებას ძველი პირობებით წლის ბოლომდე მიიღებენ. შესაბამისი განცხადება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ მომსახურების გაწევის ვადა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აგრეთვე ფიჭური სატელეფონო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდების აუცილებლობის გათვალისწინებით გაგრძელდა.

„გეძლევათ რეკომენდაცია, ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვა გააგრძელოთ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლებისგან (შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“, შპს „ვიონი საქართველო“), ამავე ტენდერით გათვალისწინებული ტარიფებისა და პირობების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

2019-2020 წლების მომსახურებაზე კონსოლიდირებული ტენდერი მარტში გამოცხადდა და მასში მხოლოდ „ბილაინი“ მონაწილეობდა. სატენდერო კომისიამ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. დაანონსდა ბაზარზე არსებულ ოპერატორებთან საკონსულტაციო შეხვედრები და სატენდერო პირობების შესაძლო გადახედვა. არსებული პირობებით მომსახურების მიღების ვადა 30 ივნისამდე გაგრძელდა. ახლა კი, აღნიშნული ვადა კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა.

საუბარია სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული დაახლოებით 260 ათასი აბონენტის მომსახურებაზე.