სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის ბრალდებით დაკავებული სამი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის ბრალდებით დაკავებული სამი პირის გამოკითხვა მიმდინარეობს

ანტიკორუფციული სამსახურის მიერ თაღლითობის ბრალდებით დაკავებული სამი პირი ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება, სადაც გამოკითხვები მიმდინარეობს.

პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სოციალური დახმარების მოტყუების გზით მიღების ბრალდებით დაკავებული თამაზ შოშიტაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე ტიპის კომპანიასთან ან შპს-სთან შემხებლობა არ ჰქონია.

დიანა მარტიაშვილი განმარტავს, რომ დაკავებული ბრალდებას უარყოფს.

გარდა ამისა, ადვოკატი ადასტურებს, რომ შოშიტაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეა და დაკავებას პოლიტიკური ნიშნით დევნას უკავშირებს.

ამასთან, თაზო შოშიტაშვილის მეგობარი, რომელიც დაკავების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა, აცხადებს,რომ დაკავება დილის 7-8 საათის ფარგლებში მოხდა. შოშიტაშვილის მეგობარი დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

„მასთან ერთად ვიყავი, როდესაც მოხდა დაკავება. დაახლოებით 7-8 საათი იყო, ვმოძრაობდით სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუსტად ღვთისმშობლის ეკლესიასთან. ორი ავტომობილიდან გადმოხტნენ, რომელი ბრძანდებითო თამაზ შოშიტაშვილიო, ჩემმა მეგობარმა უპასუხა, მე ვარო. უთხრეს, თაღლითობის მუხლით ხართ დაკავებულიო. როდესაც მივედით და მოვითხოვეთ განჩინება, არ მანახეს, მობილურ ტელეფონზე უარი მითხრეს, ზარი არ განმახორციელებინეს. ამასობაში, მითხრეს, ადვოკატი აიყვანე ან ჩვენ ავიყვანთო. ვუთხარი, რომ მე ავიყვანდი ადვოკატს.

შემდეგ მოხდა ისე, რომ ორი საათის ინტერვალში თაზო არ მოუყვანიათ სუს-ში. სად ჰყავდათ, ნამდვილად არ ვიცი, ალბათ თვითონ იტყვიან. მარტო ის განმარტეს, რომ თაღლითობით და სასამართლოს განჩინებით აკავებდნენ. თაზოს არანაირი შპს არ ჰქონდა, მას ჰქონდა პლასტიკური ბარათი, რომელსაც იყენებდა მისი მეგობარი და ის იყო მიბმული რაღაცა შპს-ზე, საიდანაც ირიცხებოდა თანხაო, ასე გავიგე. ზოგადად, თაზოს არ ჰქონია არანაირი სარგებელი, არაფერ ფულს არ იღებდა. ის არის ახალგაზრდულის თავმჯდომარე და არ გამოვრიცხავ, ეს იყოს „ქართული ოცნების“ შეთითხნილიც. ერთი ვიცი, რომ ანგარიში ჰქონდა მიცემული“, – განაცხადა ირაკლი გიგიბერიამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200 ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისთვის, ინდ. მეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდმეწარმესთან, 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას. აღნიშნული პირების პირადი მონაცემები წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 10 200 ლარს.

ამასთან, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული პირები გაცემული 200-ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. ატკატის სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს. დადგენილია, რომ აღნიშნული პირები რეალურად არ იყვნენ დასაქმებული ინდმეწარმესთან და შესაბამისად არ წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ დასახმარებელ პირთა წრეს. გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი და მათ მიმართ ტარდება სათანადო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – აცხადებენ უწყებაში.

სუს-ის ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.