სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიას სიტყვით მიმართა

19:16, 01.07.2026

საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით არსებული ვითარება კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ტერორისტული ორგანიზაციები ცდილობენ, საკუთარი საქმიანობის ადაპტაცია მოახდინონ ახალ რეალობასთან, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების განვითარების და ხელმისაწვდომობის ზრდის ფონზე, მატულობს მათი მართლსაწინააღმდეგო გამოყენების რისკები.

„ქალბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო ელჩებო, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მოწვევისა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.

ამასთან, მინდა, მადლობა გადავუხადო მაროკოს სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლობებს გაერო-ში, გაერო-ს გლობალური კონტრტერორისტული სტრატეგიის მეცხრე განხილვის პროცესის ფასილიტაციისთვის.

ქალბატონო პრეზიდენტო, საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით არსებული ვითარება კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ტერორისტული ორგანიზაციები ცდილობენ, საკუთარი საქმიანობის ადაპტაცია მოახდინონ ახალ რეალობასთან. ახალი ტექნოლოგიების განვითარების და ხელმისაწვდომობის ზრდის ფონზე, მატულობს მათი მართლსაწინააღმდეგო და ტერორისტული კუთხით გამოყენების რისკები.

ტერორისტული დაჯგუფებები სულ უფრო ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს პროპაგანდის, გადაბირებისა და დაფინანსების მიღებისთვის საჭირო ოპერაციების მხარდასაჭერად.

ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება უპილოტო საფრენ აპარატებს (დრონებს) მნიშვნელოვან ინსტრუმენტად აქცევს, როგორც ოფიციალური  სტრუქტურებისთვის, ასევე ტერორისტული დაჯგუფებებისთვის. ტერორისტული მიზნებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც ფაქტობრივად ყველა ქვეყანას შეიძლება შეეხოს.

აქვე, მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ ფინანსების მოძიებისთვის ტერორისტული და ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან გაიზარდა ე.წ. კრიპტოვალუტის გამოყენების შემთხვევები.

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კონტრტერორისტული ძალისხმევის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ტერორისტული მიზნებისთვის ახალი და განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეების მინიმიზაცია უნდა იყოს“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

ლაშა მაღრაძის განმარტებით, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის პროცესში წევრი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.

„ტერორისტული ჯგუფები პირთა რადიკალიზაციისა და რეკრუტირების პროცესში კონკრეტულ იდეოლოგიას ეყრდნობიან. აღნიშნული კი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფზე მორგებულ მრავალმხრივ ნარატივებს მოიცავს, რომელიც დატვირთულია, რელიგიური, სოციალური, კულტურული, ისტორიული და სხვა შინაარსით.

ტერორისტული და ექსტრემისტული კამპანიის დროული გამოვლენით და საწყის ეტაპზე მასთან გამკლავებით, სახელმწიფო იცავს საკუთარ მოქალაქეებს ამ მიმართულებით დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვისგან“, – აღნიშნა ლაშა მაღრაძემ.

მისივე თქმით, საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და აცნობიერებს საერთაშორისო ტერორიზმიდან და მისი  ახალი ფორმებიდან მომდინარე საფრთხეს.

„საქართველო აქტიურად თანამშრომლობს რელევანტურ საერთაშორისო, თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან და გლობალურ პარტნიორებთან. საქართველო ახორციელებს ყველა საჭირო ზომას სახელმწიფოს ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ტერორიზმის გავრცელების ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად. შედეგად, მნიშვნელოვნად გაზრდილია ქვეყნის მდგრადობა და შესაძლებლობები ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რაც მუდმივად არის ხაზგასმული საქართველოს შესახებ შესაბამის საერთაშორისო ანგარიშებში.

სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების ეფექტიანი საქმიანობის შედეგად, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა ტერორისტული აქტები, მაქსიმალურად შემცირებულია ქვეყნის ტრანზიტული მიზნით და სარეაბილიტაციო ზონებად გამოყენების რისკი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2026 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დააკავა შვიდი პირი, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

ლაშა მაღრაძე ამბობს, რომ საქართველო განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებისა და MONEYVAL-ის რეკომენდაციების იმპლემენტაციას, რაც უზრუნველყოფს ტერორიზმის დაფინანსების შემთხვევების იდენტიფიცირებაზე მუშაობას და ქვეყანაში შემოსულ საეჭვო თანხებზე კონტროლს.

„ნებისმიერი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არსებობა. საქართველოს დაწყებული აქვს მუშაობა ახალი, რიგით მესამე ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება გაერო-ს გლობალურ კონტრტერორისტულ სტრატეგიასთან და მის ოთხ ძირითად მდგენელთან.

დასასრულს, მინდა, აღვნიშნო, რომ არსებული ტერორისტული საფრთხეების ფონზე, დიდ მნიშვნელობას იძენს გაერო-ს წევრი ქვეყნების მიერ ტერორისტული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მიდგომების შემუშავება და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობა.

მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება სწორედ გაერო-ს და მის შესაბამის ოფისებს შეუძლია“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

მსგავსი