სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევით, გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს

14:06, 09.09.2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

სუს-ის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი, ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევით, გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება.

„2026 წლის ფორუმის ფარგლებში მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები გლობალური ტურბულენტური გარემოს ფონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მმართველობის საკითხებს განიხილავენ.

ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები.

კონფერენციის გახსნამდე გეკა გელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრთან, ვანგ სიაოხუნგთან ერთად, გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტექნოლოგიების რიგით მე-3 გამოფენას ეწვია და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნო. გამოფენას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პირველმა კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი