სერვისების განვითარების სააგენტო სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვაზე უპასუხისმგებლოს უწოდებს
სერვისების განვითარების სააგენტო სამი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვაზე უპასუხისმგებლოს უწოდებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უპასუხისმგებლოს და გაუგონარს უწოდებს “ყალბი პირადობის მოწმობების გაცემის“ თაობაზე, დღეს “საიას”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას.

სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე აცხადებს, რომ ჩამოთვლილი სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულზე გაკეთებულ განცხადებას, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს და ვერც ექნება.

მისივე თქმით, მან უკვე მიმართა აღნიშნულის გამოძიების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

„იმედი მაქვს ეკა გიგაური და ირმა პავლიაშვილი, ასევე მიშა ბენიძე, რომლებმაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის თანამშრომელს სისხლის სამართლის დანაშაული დააბრალეს, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და მათ ხელთ არსებულ „მტკიცებულბებს“ მიაწვდიან გამოძიებას, თუკი ასეთი საერთოდ აქვთ. აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბრიფინგზე მათ მიერ გამოთქმულ ბრალდებას არაფერი აქვს და ვერ ექნება საერთო სიმართლესთან. მას შემდეგ რაც გამოძიება ერთადერთ სიმართლეს დაადგენს, იმედი მაქვს, საიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები ბოდიშს მოუხდიან როგორც უწყებას, ისე სერვისების განვითარების სააგენტოს მიყენებული ზიანისთვის. სწორედ სერვისების განვითარების სააგენტოა ის ორგანიზაცია, რომელმაც უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პირველი – „უსაფრთხო დოკუმენტების“ ბლოკი, წარმატებით, 100 პროცენტით შეასრულა. ეს კი დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა არის სანდო, მაღალი სტანდარტის დოკუმენტი, რომლის გაყალბებაც შეუძლებელია.მინდა განვაცხადო, რომ მე, სოსო გიორგაძე და ასევე ჩემი თანამშრომელი ბეჟან ობგაიძე, ეკა გიგაურის, ირმა პავლიაშვილისა და მიშა ბენიძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ეს არის ბრალდება, რომელსაც ვერაფრით შევეგუები“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

მანვე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა მსგავსი ცილისმწამებლური და უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავის შეიკაონ. 

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.