სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან დიეგო კოლასთან. სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა პანდემიის დროს.

„აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის შემდეგაც გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფა, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება, უკანონო დაკავებების პრაქტიკა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და საკუთრების უფლების დარღვევა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტის, ასევე სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გამო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელსაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა პოლიტიკური და ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნის აუცილებლობას.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმდინარეობისა და მის ფარგლებში ამოქმედებული მექანიზმების თაობაზე. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო მოვლენები მიზნად ისახავს იქ მცხოვრები მოსახლეობის სრულ ხელოვნურ იზოლაციას, ხალხთაშორისი დიალოგის აღკვეთასა და ამ კუთხით არსებული მზარდი ინტერესის დაკნინებას. ელჩთან საუბრისას, სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რეგულარული უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით და არსებული ხელოვნური დაბრკოლებებისა და გამოწვევების დასაძლევად, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა და მკაფიო მხარდაჭერის მნიშვნელობა, ისევე როგორც საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერისა და საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობა.

მხარეები ასევე შეეხნენ სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში მიღწეულ შედეგებს და ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს და განიხილეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განათლებაზე ხელმისაწვდომობის, სახელმწიფო ენის, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის და სხვა აქტუალური საკითხები.

თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩი მიესალმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას და ამ პროცესში საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა“,- აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი