სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის წევრებს შეხვდა
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დღეს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის წევრებს დუისში შეხვდა.

ხეობის უხუცესებმა ყურადღება გაამახვილეს ბოლო წლებში არსებული გაუცხოების პროცესის შემობრუნებისა და საზოგადოებასთან ხეობის ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ უხუცესებს აცნობა, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ადგილობრივების თხოვნა და 2019 წლიდან პანკისში საცხენოსნო სკოლისა და კულტურისა და სათემო სახლების მშენებლობა  დაიწყება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ხეობაში ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების საკითხს.

„შეხვედრაზე უხუცესებს ის ინიციატივები გავუზიარეთ, რაც ხეობის სოციალურ-ეკონომიურ გაძლიერებასთან დაკავშირებით აქვს ხელისუფლებას დაგეგმილი. ეფექტური იქნება მუშაობა ტურიზმის განვითარების, ტურისტების მოზიდვის, ასევე ახალგაზრდების პროფესიული განათლების გაძლიერების კუთხით”,- განაცხადა ლია გიგაურმა.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, ზაურ გუმაშვილმა შეხვედრას პოზიტიური უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხეობაში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

„არის რიგი საკითხები, რომელიც გადაიჭრა და ზოგიც ახლა არის გადაჭრის პროცესში. ხელისუფლებისგან ნამდვილად ვგრძნობთ ყურადღებას. დღევანდელ შეხვედრაზე პანკისის სოციალურ-ეკონომიკური საკითხების  გარდა, ვისაუბრეთ სოფელ ომალოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობაზეც და დადებით გადაწყვეტილებას ველოდებით”,- აღნიშნა გუმაშვილმა.

დღეს ეთნიკური ქისტების ხეობაში ჩასახლებიდან 200 წლისთავი აღინიშნება. ლია გიგაური  ამ დღისადმი მიძღვნილ დოღსაც დაესწრო.