სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის თანათავმჯდომარეობით საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის თანათავმჯდომარეობით, 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის შეთანხმების (UNSDCF) ფარგლებში შედეგების მეოთხე ჯგუფის (Result Group 4) საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა შეთანხმების მეოთხე მიმართულების მიღწევის ძირითადი მიმართულებები და მექანიზმები, რაც, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მშვიდობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, 2030 წლისთვის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირების, გაზრდილი ჩართულობის, ნდობისა და მდგრადობის უზრუნველყოფას გულისხმობს.
„შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს 2026-2027 წლების სამუშაო გეგმის (Joint Work Plan 2026-2027) პროექტი, რომელიც მეოთხე შედეგის ფარგლებში გამყოფი ხაზების ორივე მხარეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მიმართებით გაერო-ს სააგენტოების მიერ განსახორციელებელ პროექტებსა და ინიციატივებს ითვალისწინებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან ხაზი გაესვა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებს.
შეხვედრის მონაწილეები მეოთხე შედეგის ჯგუფის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ინფორმაციის სისტემატურ გაცვლაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.