სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები არც ერთი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩეს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები არც ერთი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელის დაკეტვის მომენტიდან ამ დრომდე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს.

„სხვადასხვა არხების, მათ შორის პირდაპირი კავშირებით მუშაობის შედეგად სრული იზოლაციის პირობებში მოხერხდა ის, რომ ყველა პირი, რომელსაც სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, არიან პენსიონერები, ასევე აბიტურიენტების უმრავლესობა გადმოსულია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდების ნაწილმა უმძიმესი გზა გაიარა, რომ რუსული ბარიერები დაეძლია.

ყველა მათგანთან, მათ შორის დაშავებულ ახალგაზრდასთან, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ასევე ჯანდაცვის უწყებასა და განათლების სამინისტროს გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, მას სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი დახმარება გაეწევა. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, აბიტურიენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან საგამოცდო პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ. ამ დროისთვის, ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 იმყოფება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მონაწილეობს საგამოცდო პროცესში“, – აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

მათივე ცნობით, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში არც ერთი ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე.

„მათთვის უკვე მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა რომელიც ზუგდიდსა და თბილისში უფასო მოსამზადებელ ცენტრებში სწავლას, უფასო საცხოვრებელს და 150-ლარიან სტიპენდიას გულისხმობს. ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ამ ცენტრებში სწავლობს და ისწავლის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში.

სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის, ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე“, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი