სახელმწიფო მინისტრის აპარატი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს სახელწოდებით – „სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ (SMR Peace Award for Youth).

ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდას/ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, თავიანთი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში.

ჯილდოს მიღება, პირის ან პირთა ჯგუფის წარდგინების საფუძველზე, შეეძლება ნებისმიერ ახალგაზრდას (18-დან 29 წლამდე), ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც:

• კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების/მშვიდობის მშენებლობის თემაზე ახორციელებს აკადემიურ საქმიანობას (აწარმოებს კვლევებს ან/და წერს ნაშრომებს);
• მონაწილეობს ქართულ-აფხაზურ/ქართულ-ოსურ ნდობის აღდგენის პროექტებში, ან თავად ახორციელებს მსგავსს ინიციატივებს;
• დახმარებას უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, ან აქტიურად ხელს უწყობს მსგავსი დახმარების მოზიდვას;
• ჩართულია სამოქალაქო აქტივობაში მშვიდობის მშენებლობის მიზნით.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ 2022 წლიდან გაიცემა.

თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მშვიდობის მშენებლობისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში ხალხთაშორისი დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაზრდაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ ამოცანას და გაცხადებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა სახელმწიფო მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობის, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისა და სამომავლო ხედვების შესახებ. მათ თეა ახვლედიანს გააცნეს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები სამშვიდობო პროცესთან და მასში ახალგაზრდების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ოკუპაციიდან გამომდინარე გამოწვევების ფონზე, საქართველოს მთავრობა ერთგული რჩება და განუხრელად, მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას; კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, მთავრობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა და იმ პროგრამების, სერვისების, ევროინტეგრაციის სიკეთეებისა და შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლითაც სარგებლობს საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე გამარტივებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თეა ახვლედიანმა და კახა კუჭავამ ღონისძიების დასასრულს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული სლოგანების კონკურსის – „ახალგაზრდები და მშვიდობა“ – გამარჯვებული სამი ახალგაზრდა დააჯილდოვეს.

„ყოველ წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვადასხვა თემატური ღონისძიების და ახლებური ინიციატივების გზით ეხმიანება მშვიდობის საერთაშორისო დღეს, რომელიც 40 წელია უკვე დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ და 20 წელი ხდება, რაც აღინიშნება გლობალური ცეცხლის შეწყვეტის და ძალის არგამოუყენებლობის მხარდასაჭერად. წელს ჩვენ გადავწყვიტეთ აქ ამ სივრცეში საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ვიმსჯელოთ ჩვენს ახალგაზრდობასთან ერთად, მათ შორის ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილ და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებთან ერთად, რადგან მათი ჩართულობა და როლის გაზრდა სამშვიდობო პროცესში უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და გამოცხადებული გვაქვს შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტად. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დღეს სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან ერთად ჩვენ გამოვავლენთ კონკრეტულად ამ დღისადმი მიძღვნილი სლოგანების კონკურსის გამარჯვებულებს, ასევე დავააანონსებთ ერთ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვან ინიციატივას ახალგაზრდობისთვის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდოს დაარსების თაობაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაარსდება და ამოქმედდება“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში გაერო-ს მუდმივი წარმომადგენელი საბინე მახლი. მისი თქმით,  ახალგაზრდების მონაწილეობა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო თეა ახვლედიანს, რომ აქ შეგვკრიბა ახალგაზრდებთან ერთად მშვიდობის დღეს. 21 სექტემბერი ჩვენთვის გაერო-ში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გვსურს, ფოკუსირებული ვიყოთ უფრო მეტად მშვიდობაზე და არა ომზე. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მონაწილეობა მსოფლიოში მშვიდობის ფორმირებაში და შენარჩუნებაში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ძალიან რთული ვითარებაა პანდემიასთან დაკავშირებით, რა შეგვიძლია ყველას ერთად გავაკეთოთ მშვიდობიანი საზოგადოებების ხელშეწყობისთვის. ძალიან გვჭირდება მშვიდობა ჩვენთვის და მშვიდობა გარემოსთვის“, – განაცხადა გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა.