სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ე.წ. გადასასვლელების ნაწილობრივი გახსნა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ე.წ. გადასასვლელების ნაწილობრივი გახსნა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს

ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ნაწილობრივი გახსნა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს, რათა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება.

„ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ნაწილობრივ იხსნება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები.

ცალსახად მისასალმებელია ჰუმანიტარული მიდგომით განხორციელებული ყველა მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ.

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელების ნაწილობრივ გახსნა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვით, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კუთხით გამოწვეული უმძიმესი ვითარება და ადამიანის უფლებათა დარღვევის მრავალრიცხოვანი ფაქტები მუდმივ რეჟიმში განიხილებოდა როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში.

საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს, რათა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება“, – აღნიშნულია განცხადებაში.