სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრების გამართვას, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, თეა ახვლედიანი ქუთაისში იმყოფებოდა და ამჯერად იმერეთის და რაჭის რეგიონებში მცხოვრებ გაუჩინარებულთა 40-ზე მეტ ოჯახის წარმომადგენელს შეხვდა.

როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ოჯახებთან საინფორმაციო შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით მიმდინარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა აჭარის რეგიონშიც. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ბათუმში აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრებ გაუჩინარებულთა 20-მდე ოჯახის წარმომადგენელს შეხვდა.

ოჯახებთან საინფორმაციო შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ეტაპობრივად იზრდება პროგრამის განხორციელების პროცესში საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა, ჩართულობა და როლი. ამასთან, ხაზი გაესვა ICRC-თან შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობისა და კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას.

ოჯახებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფა, შედეგებისა და ეფექტიანობის გაზრდა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე პროგრამის ეტაპობრივი ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის უკვე გაზრდილი როლისა და ფუნქციების გათვალისწინებით, ამჯერად ჩვენ ქუთაისსა და ბათუმში გავმართეთ შეხვედრები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წარმომადგენლებთან იმერეთის, რაჭის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობდნენ პროგრამის მიმდინარეობას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად, ჩვენ მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შედეგებს და მიღწეულ პროგრესს და, ზოგადად, ამ პროგრამასთან დაკავშირებულ ოჯახებისთვის აქტუალურ და საინტერესო სხვა საკითხებს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.