იპოთეკური სესხის დაფარვაში სახელმწიფო კიდევ 110 დევნილ ოჯახს დაეხმარება
იპოთეკური სესხის დაფარვაში სახელმწიფო კიდევ 110 დევნილ ოჯახს დაეხმარება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იპოთეკური სესხის დაფარვაში კიდევ 110 დევნილ ოჯახს დაეხმარება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2019 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ ბინა და იგი ოჯახის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს. მაქსიმალური ოდენობა, რომელსაც სახელმწიფო დაფარავს, 20 000 ლარს შეადგენს.

განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები მიიღება თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი – თამარაშვილის ქ. N15ა;

ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ. N106;

ქუთაისი – ირაკლი აბაშიძის გამზ. N27.