სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირების სისტემის დანერგვა იგეგმება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირების სისტემის დანერგვა იგეგმება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირების სისტემის დანერგვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სტაჟირების სისტემის დანერგვა ერთი მხრივ, დამწყები იურისტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემის, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზანს ემსახურება.

პროექტში ნათქვამია, რომ პროკურატურის სისტემაში არსებული სტაჟირების სისტემის მსგავსად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტაჟიორ–გამომძიებელი უფლება-მოვალეობებით გათანაბრებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის უფლება-მოვალეობებთან.

„ასეთი ფუნქციებით მათი აღჭურვა, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს სტაჟიორ-გამომძიებელთა კარიერულ ზრდას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კიდევ უფრო შემჭიდროებულ ვადებში გამოძიების პროცესის წარმართვაში დაეხმარება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სტაჟიორის თანამდებობაზე პირის დანიშვნა შესაძლებელი იქნება კონკურსის საფუძველზე“, – აღნიშნულია პროექტში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია.