სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქმის გამოძიება არ არის მათი უწყების კომპეტენცია
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქმის გამოძიება არ არის მათი უწყების კომპეტენცია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებას პასუხობს იმის შესახებ, რომ უწყება უმოქმედოა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარული ჩანაწერებთან დაკავშირებით მოწოდებულ ინფორმაციაზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა, ვინაიდან ამ საქმის გამოძიება არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენცია.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რეაგირებას ახდენს პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ყველა იმ ფაქტზე, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განეკუთვნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას.

სამსახური მონაცემთა დამუშავების საკითხებს სწავლობს კანონით დადგენილ ვადებში და გადაწყვეტილებებს იღებს შემოწმების დასრულების შემდგომ.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება და შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ დამუშავებაზე. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, რეაგირება მოახდინოს ასეთ ფაქტებზე.

ამასთან, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მოწოდებულ ინფორმაციაზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა, ვინაიდან ამ საქმის გამოძიება არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენცია.

ასევე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ორ წელზე მეტია, რაც წარადგინა ახალი კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. აღნიშნული კანონი ამ ეტაპზე მიღებული არ არის. იმედი გვაქვს, ეს კანონი მიღებული იქნება მიმდინარე წელს“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.