სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს სიცოცხლის უფლების დაცვასა და ეფექტიან გამოძიებაზე დისტანციური ტრენინგი ჩაუტარდათ.

ორდღიანი ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი გამეზარდაშვილმა გახსნა. იგი ტრენინგის მონაწილე გამომძიებლებს, ამ დღეების განმავლობაში მიღებული ცოდნის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი სახის სწავლებები მათ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

ტრენინგი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, როგორებიც არის: ევროპული სტანდარტების მიმოხილვა, პოზიტიური ვალდებულების არსი და ფარგლები, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების ეფექტიანი გამოძიების თავისებურებები და სხვა. ტრენინგი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა.

ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა გამომძიებელმა გაიარა, რომელსაც ადამიანის უფლებათა ექსპერტი კონსტანტინე კორკელია უძღვებოდა.

სწავლება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა.