სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი - მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოხატა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი - მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოხატა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელის გიორგი მიქელაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოხატა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„მან თანხმობა გამოთქვა, პენიტენციური დეპარტამენტიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და სხვა დაწესებულებიდან გამოთხოვილ იქნას მის შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაცია, მან ასევე თანხმობა განაცხადა, პირადად წარდგეს სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, ის მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე. აქედან გამომდინარე, არსებობს თუ არა მის სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი, ამაზე საჭიროა ექსპერტიზა, რაზეც მან გამოთქვა თანხმობა“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

რაც შეეხება გამოკითხვას, გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ ეს დღეს ვერ მოხერხდა.

„მოგეხსენებათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გამოკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით, როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში განგვიცხადეს და როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვის ჩატარება. ჩვენ ვმუშაობთ გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე. გამოძიება მზად იყო, რომ აღნიშნული ფორმითაც ჩაეტარებინა გამოკითხვა, რა თქმა უნდა, პირადად შეხვედრა მეტად კომფორტულია, თუმცა ამ ფორმითაც გამოძიება მზად იყო, ჩაეტარებინა გამოკითხვა“, – აღნიშნა გიორგი მიქელაძემ.