სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - საჭიროა სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - საჭიროა სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით

ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა სამსახურს პრაქტიკული დამოუკიდებლობის საკმარის გარანტიებს ვერ უქმნის, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშშია ნათქვამი.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტების გარეშე იძიებს დანაშაულებს, რომლებსაც უდიდესი საკანონმდებლო და ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ჩადიან. საჭიროა სწრაფი და ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, უპირველეს ყოვლისა, საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის მიმართულებით“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა აღიჭურვოს ისეთი ქმედითი მექანიზმებით, რომლებიც შეამცირებს სხვა უწყებათა გადაწყვეტილებებზე მის დამოკიდებულებას და უფრო ეფექტიანს გახდის მტკიცებულებათა მოპოვების პროცესს.

„მაგალითად, სასამართლოსთვის შუამდგომლობით დამოუკიდებლად მიმართვის უფლება, პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებლად შესვლა, შესაძლო დანაშაულების შესახებ ინფორმაციის დროულად მოწოდების საკანონმდებლო ვალდებულება, სამსახურის მიერ გაგზავნილი წერილების განხილვისთვის შემჭიდროებული ვადის დადგენა. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მუშაობს საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება“, – ნათქვამია ანგარიშში.