სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხელოვნური ინტელექტის სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მუშაობას იწყებს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხელოვნური ინტელექტის სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე მუშაობას იწყებს

ხელოვნური ინტელექტისა და ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურ სამუშაო პროცესს იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, პირველი გაფართოებული სამუშაო შეხვედრა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ სოფიო ჯიაძემ გახსნა. ღონისძიებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო ორგანიზაციებისა და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სხვადასხვა სფეროში ყოველდღიურად იზრდება, რაც ამ მიმართულებით ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა, დავით ყარაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფისა და ამ კუთხით სახელმწიფოს ერთიანი მიდგომის მნიშვნელობაზე.

„ღონისძიების ფარგლებში საინტერესო დისკუსია გაიმართა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესში პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სხვა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მიზნობრივ უწყებებთან, ორგანიზაციებსა და საუნივერსიტეტო წრეებთან მჭიდრო კოორდინაციით, ეროვნულ დონეზე კვლევის ჩატარებას, შესაბამისი ინიციატივების მომზადებასა და აქტივობების განხორციელებას გეგმავს. „აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული გამოწვევების საპასუხოდ კოორდინირებულ საქმიანობასა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.