სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს

2020 წლის 6 აგვისტოს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც იდენტიფიცირებული ფორმით ხელმისაწვდომია კონკრეტულ პირთა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინება ჯ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ.ბ-სთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ და თ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიმღები ექიმის ჩანაწერი.

„პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებისას საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მით უფრო, იმ შემთხვევაში როდესაც ხდება განსაკუთრებული კატეგორიის (ე.წ. ,,სენსიტიური“) მონაცემების გასაჯაროება, რომელსაც მიეკუთვნება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, მსხვერპლად აღიარებასთან და დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებული მონაცემები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება მედიასაშუალებებით გავრცელებული დოკუმენტების გამჟღავნების კანონიერებისა და შესაბამის დაწესებულებებში მათი უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომების შესწავლის მიზნით. შემოწმებას დაექვემდებარებიან ის პირები ან/და დაწესებულებები, რომლებსაც შესაძლოა, წვდომა ჰქონდათ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე და რომელთა მხრიდან მონაცემთა დამუშავება ექცევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციაში. შემოწმება წარიმართება შემჭიდროებულ ვადაში.

მიუხედავად იმისა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამუშავებაზე, მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმა გაითვალისწინონ და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

სახელმწიფო ინსპექტორის მოუწოდებს ყველა პირს, სიფრთხილით მოეკიდონ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროებას, რადგან მათმა გავრცელებამ შესაძლოა, არსებითი ზიანი მიაყენოს ადამიანის პირად ცხოვრებას“,- აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი