სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მიმდინარეობდა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მიმდინარეობდა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში

ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში განთავსებული 40 ერთეული კამერით მიმდინარეობდა თანამშრომელთა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის 2919 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ცნობილი გახდა ამ სადაზღვევო კომპანიაში აუდიო-ვიდეომონიტორინგის კანონდარღვევით განხორციელების შესაძლო ფაქტი.

„შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიაში განთავსებული 40 ერთეული კამერით მიმდინარეობდა თანამშრომელთა ვიდეოთვალთვალი სამუშაო ოთახებში, სამზარეულოსა და მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში. აუდიომონიტორინგი მომხმარებელთა მომსახურების ოთახებში მომსახურების გაწევის ხარისხისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის შინაარსის შეფასებას ემსახურებოდა. ეს ფაქტი არ ჩაითვალა კანონიერად და სადაზღვევო კომპანიას სამართალდარღვევა დაუდგინდა. ამასთან, კომპანიას დაევალა მის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე ვიდეო და აუდიომონიტორინგის გზით დაემუშავებინა იმ მოცულობის პერსონალური მონაცემები, რაც დასახულ კანონიერ მიზნებს შეესაბამებოდა (საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვა). კომპანიამ შეასრულა სამსახურის მითითება და შეწყვიტა საჭიროების გარეშე აუდიო-ვიდეომონიტორინგი“, – აღნიშნულია ანგარიშში.