სახელმწიფო ინსპექტორი - ბავშვის უფლების დარღვევის შემთხვევაში გასაძლიერებელია შიდა მონიტორინგის მექანიზმები და მათი უსაფრთხოების მიზნით მიღებული ზომები
სახელმწიფო ინსპექტორი - ბავშვის უფლების დარღვევის შემთხვევაში გასაძლიერებელია შიდა მონიტორინგის მექანიზმები და მათი უსაფრთხოების მიზნით მიღებული ზომები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობისა და სამსახურის მიერ ამ სფეროში იდენტიფიცირებული გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ანა ბუჩუკურმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, მოწვეულმა ექსპერტმა თამარ ქალდანმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დემოკრატიული მმართველობის პროექტის ხელმძღვანელმა ლევან სამადაშვილმა გახსნეს.

პრეზენტაციას არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე საჯარო უწყებების, კერძო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ვინაიდან არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას და ბავშვის სტიგმატიზაცია, ბულინგი ან/და დისკრიმინაცია გამოიწვიოს, ეს უფლება განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ახალ შესაძლებლობებთან ერთად გაიზარდა ამ უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხეები.

სამსახურის მიერ 2020 წელს შემოწმდა სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში, მათ შორის – სკოლებში, ჯანდაცვის დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სოციალური მომსახურების სააგენტოში – არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ დაბალია ბავშვებისა და მშობლების ცნობიერება ამ სფეროში მათი უფლებების შესახებ; დასახვეწია ბავშვების მონაცემების უსაფრთხოების მიზნით კერძო და საჯარო დაწესებულებების მიერ მიღებული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები; კანონთან შესაბამისობაშია მოსაყვანი არასრულწლოვანთა მონაცემების შემცველი ელექტრონული ბაზები; გასაძლიერებელია ბავშვის უფლების დარღვევის შემთხვევაში შიდა უწყებრივი მონიტორინგის მექანიზმები; ასევე, საჭიროა იმ პროფესიონალთა ცნობიერების ამაღლება, რომლებსაც შეხება აქვთ არასრულწლოვნებთან და მათ მონაცემებთან.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, 2020 წელს არაერთი ნაბიჯი გადადგა. სამსახურმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის ფარგლებში, მოამზადა კრებული, რომელიც სამსახურის მიერ არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ რეალურ საქმეებს აერთიანებს. კრებული მოწვეულმა ექსპერტმა თამარ ქალდანმა მოამზადა. მისი მიზანია კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიდგომების გაცნობა და მსგავსი დარღვევების პრევენციისთვის მათთვის რეკომენდაციების შეთავაზება. გადაწყვეტილებების ასეთი ფორმით საზოგადოებისთვის მიწოდება, ორგანიზაციებს არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მართვის პროცესის უკეთ ადმინისტრირებაში დაეხმარება.

სკოლის მოსწავლეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით სამსახურის წარმომადგენლების, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების“ მონაწილეობით, ჩატარდა შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან. ასევე, მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე, სამსახურის ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით ყველა დაინტერესებული პირისათვის ე. წ. Live შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, იუსტიციის სახლებში განთავსდა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას მშობლებისთვის გადასაცემი ბროშურები, რომლებიც მშობლებს აწვდის ინფორმაციას ბავშვების მონაცემების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. სამსახურმა მოამზადა რამდენიმე რეკომენდაცია დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის მიზნით, რომლებიც განთავსებულია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

სახელმწიფო ინსპექტორმა, საქართველოს ყველა რეგიონში, პირადად გამართა შეხვედრები სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და სოციალურ მუშაკებთან, არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევებისა და ამ მიმართულებით მათი მხრიდან გასათვალისწინებელი გარემოებების შესახებ. სამსახურმა ითანამშრომლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების გათვალისწინების მიზნით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც განათლების სფეროში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის ამაღლებას ისახავს მიზნად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის მიმართულებით მუშაობა 2021 წელსაც ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.