სახელმწიფო გრანტის მოპოვება-გაუმჯობესების კონკურსში 4000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა
სახელმწიფო გრანტის მოპოვება-გაუმჯობესების კონკურსში 4000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. წელს სახელმწიფო გრანტის მოპოვება-გაუმჯობესების კონკურსში ერთმანეთს დაახლოებით 4000 სტუდენტი ეჯიბრებოდა. ამისთვის სახელმწიფოს წელს 215 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ამის შესახებ პირველ არხს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ განუცხადა.

„ამ კონკურსში მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რადგან სახელმწიფო დაფინანსებას საუკეთესოები იღებენ. შეუძლებელია, მონაწილემ აღებული ქულებით მდგომარეობა გაიუარესოს. ანუ თუ სტუდენტს ეროვნული გამოცდებით მაგალითად მოპოვებული ჰქონდა 50 პროცენტიანი გრანტი ის არ დაკარგავს მას მიუხედავად იმისა ამ კონკურსში რა ქულაც არ უნდა მიეღო. მას შეიძლება დაფინანსება, მხოლოდ მოემატოს. დღეს პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. წინ გველოდება აპელაციის პროცესი. 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაიწყება ჩვენი მხრიდან ე.წ. ტექნიკური აპელაცია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა შედეგი შეესაბამება შეფასების სისტემას და პარალელურად, სტუდენტებს აქვთ სააპელაციო განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა, ეს ორმხრივი გადამოწმების მექანიზმია.

ამასთან, გულახდილი, რომ ვიყო, ძალიან მცირეა სტუდენტების მხრიდან სააპელაციო განაცხადების შემოტანის ფაქტები. როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე აპელაცია შემოდის. რაც შეეხება გრანტის მომპოვებელთა რაოდენობას, აპელაციის დასრულებამდე ბუნებრივია ზუსტი რიცხვის თქმა შეუძლებელია, თუმცა, თუ ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დაახლოებით 4 000 სტუდენტი იღებს კონკურში მონაწილობას და მათგან სხვადასხვა სახით და ოდენობით გრანტს საშუალოდ 250 სტუდენტი პლუს-მინუს 20-30 ადამიანი მოიპოვებს“, – განაცხადა ივა მინდაძემ.

ამასთან, ივა მინდაძის თქმით, სააპელაციო განაცხადების განხილვის გარდა, საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე გარკვეული ტექნიკური სამუშაოებია შესასრულებელი.

„გრანტის გაცემა დაკავშირებულია გარკვეული ინფორმაციის გადამოწმებასთან. კონკურსანტი უნდა იყოს მოქმედი სტუდენტი, არ უნდა ჰქონდეს სტატუსი შეჩერებული, რადგან შეიძლება, კონკურსში მონაწილეობის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით შეეჩერებინა სტატუსი. ასევე, უნდა გადამოწმდეს, კონკურსანტი თავდაპირველად რა ოდენობის გრანტს ფლობდა. ანუ დაახლოებით 10 დღეში გახდება ცნობილი, რომელმა სტუდენტმა გაიუმჯობესა გრანტი ან რომელმა მოიპოვა, თუ აქამდე არ ჰქონდა მოპოვებული“, – განაცხადა ივა მინდაძემ.