სახელმწიფო ფონდების, პროგრამებისა და ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში 132 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სამმართველოს უფროს შოთა კაკაბაძესთან ერთად, იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახელმწიფო ფონდის და პროგრამის, ასევე ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში სამუშაოები მიმდინარეობს 132 მილიონი ლარის 1 200 ინფრასტრუქტურულ პროექტზე.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტები ახორციელებენ პროექტებს სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის დაფინანსებით. 2022 წელს 132 მილიონი ლარის 1 200 პროექტია დაფინანსებული იმერეთის მხარეში. ამ პროექტებში შედის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მთის ფონდით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები. დღეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ადგილზე მოვინახულეთ სამუშაოები. პროექტები მრავალფეროვანია და პრაქტიკულად, ინფრასტრუქტურის მთელ სპექტრს მოიცავს – საბავშვო ბაღების, სკოლების, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ჩათვლით“, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საჩხერეში, ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ტურისტული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ჭიათურაში, პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, მოეწყო შადრევანი, სკვერი, სკეიდბორდის მოედანი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობებსა და ტროტუარებს. ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში კი, ეწყობა დასასვენებელი სივრცეები. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში, ევროკავშირის დაფინანსებით, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეწყობა სოფლებამდე მისასვლელი გზებიც. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, პროექტები მიმდინარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტშიც. საავტომობილო გზების გარდა, რეაბილიტაცია უტარდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას.