„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, შეირჩა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც ახლახანს გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის. მისი თქმით, დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის გაძლიერებისკენ.

მინისტრის თქმით, მომდევნო ეტაპია კომპანიის კორპორატიზაცია და საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების დანერგვა, მათ შორის, მენეჯმენტში.

„ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად. კომპანიის წარმატებული რეფორმირება შემდგომში უნდა გახდეს მთლიანად სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საპილოტე მოდელი. ამრიგად, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების გამჭვირვალე პროცედურით შერჩევა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიება უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, რეფორმის მთავარი ამოცანაა, მსხვილი სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიები გახდნენ უფრო ძლიერები, დამოუკიდებლები, უფრო კვალიფიციურად მართულები, საუკეთესო კორპორატიული სტანდარტები და პრაქტიკა იყოს დანერგილი და დამოუკიდებლად იზიდავდნენ ფინანსებს როგორც ადგილობრივ საფინანსო ბაზარზე, ასევე უცხოეთშიც.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომლის ფუნქციაა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევა. საკონკურსო კომისიამ უნდა უზრუნველყოს შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საჯაროობა.

დატოვე კომენტარი