სახელმწიფო ელექტროსისტემა – ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა დ უახლოეს დროში მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ენგურჰესზე აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.
მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უახლოეს დროში აღდგება.
„24-25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები. კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით, აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.
ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისსა და რეგიონების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგია დაახლოებით 20:15 საათზე გაითიშა.