სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პოლონეთში მიღებული ახალი კანონი, შესაძლოა, არჩევნებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კანდიდატურების ბლოკირებისთვის იყოს გამოყენებული
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პოლონეთში მიღებული ახალი კანონი, შესაძლოა, არჩევნებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კანდიდატურების ბლოკირებისთვის იყოს გამოყენებული

აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია პოლონეთის ხელისუფლების მიერ ახალი კანონის მიღებით, რომელიც პოლონეთში რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას ითვალისწინებს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის გაცხადებაში.

უწყების განცხადებით, ახალი კანონმდებლობა, შესაძლოა, გამოყენებული იყოს პოლონეთში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ჩარევისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კანდიდატურების ბლოკირებისთვის.

„ჩვენ ვიზიარებთ მრავალი დამკვირვებლის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას, რომ კანონი, რომელიც რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას ითვალისწინებს, შესაძლოა, იყოს გამოყენებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კანდიდატურების ბლოკირებისთვის სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს პოლონეთის მთავრობას, უზრუნველყოს, რომ ამ კანონმა არ შეზღუდოს ამომრჩეველთა შესაძლებლობა, ხმა მისცენ მათ რჩეულ კანდიდატს და რომ ის არ იყოს ამოქმედებული ან ბოროტად გამოყენებული იმგვარად, რომ გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე.

შეგახსენებთ, გუშინ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ხელს მოაწერს კანონს ქვეყანაში რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნის შესახებ. დუდას განმარტებით, ის მხარს უჭერს კანონს, რადგან პოლიტიკაზე რუსეთის გავლენის შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს აშშ-სა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპულ ინსტიტუტებზე და ცალკეულ ქვეყნებზე რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისია უნდა შეიქმნას ევროკავშირის დონეზეც. ანჯეი დუდას თქმით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამჭვირვალობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

კანონის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ინიციატივის მიზანია მმართველი პარტიის ოპონენტების პოლიტიკური არენიდან ჩამოშორება. კერძოდ, კი ოპოზიციის ლიდერის, დონალდ ტუსკის. შესაბამისი კანონი პოლონეთის პარლამენტმა 26 მაისს დაამტკიცა. პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზეა დაგეგმილი.

კრიტიკაზე საპასუხოდ ანჯეი დუდა აღნიშნავს, რომ კანონი არ აძლევს უფლებას კომისიას, ჩამოაშოროს ვინმე საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ ცხოვრებას. პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ კანონს განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნის.