საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან ნახევარი მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან ნახევარი მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

საქართველის საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი მიმართავენ.

პროექტს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე წარადგენს. ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

18-თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მიზანია, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება.პროექტის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები შეიტყობენ უფრო მეტს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობების და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

პროექტის ფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

პროექტს განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით“,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.